სასკოლო ოლიმპიადის წერითი დავალება
სიცრუის შესახებ წირვის შემდეგ მღვდელმა გამოაცხადა: -შემდეგ კვირას სიცრუეზე ვისაუბრებთ. უფრო ადვილად რომ შეიმეცნოთ ჩემი ქადაგება, მარკოზის სახარების მე-17 თავი წაიკითხეთ. კვირის თავზე მღვდელმა ქადაგების წინ გამოაცხადა: - ვინც მე-17 თავი წაიკითხა, ხელი აიწიოს. თითქმის ყველამ აიწია ხელი. - სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან სიცრუეზე საუბარი-თქვა მღვდელმა - მარკოზის სახარებაში მე-17 თავი არ არსებობს.
თუ ადამიანის შინაგან სამყაროში მოგზაურობას გადავწყვეტთ, მაშინ ის დროა, ღვედები მჭიდროდ შევიკრათ, მოვბილიზდეთ ფსიქოლოგიურად, რადგან იმთავითვე შევეჩეხებით სიცრუის სახელით წოდებულ დაბრკოლებას, რომელსაც ისე ღრმად აქვს ფესვები მოკიდებული ადამიანში, რომ მცირედი მოდუნებაც კი საკმარისია, თვითნებურად მიიღოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი სიცრუის წარმოთქმაზე. მხოლოდ ჩვენი, ადამიანებად წოდებული ინდივიდების პიროვნულ თვითშეგნებასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული, გადავლახავთ თუ არა დასაწყისში ნახსენებ, მესერად ქცეულ დაბრკოლებას, თუ უბრალოდ ამ უკანასკნელის განუყოფელ ნაწილებად-მეორეხარისხოვან შემსრულებლებად ვიქცევით. სწორედ ამ იდეას ეხმიანება მოცემული მინიატურა, რომელშიც პროტაგონისტად მღვდელი გვევლინება, რომელმაც გადაწყვიტა, მცირე ტყუილის მეშვეობით ამხილოს დიდი ტყუილი. პერსონაჟი მიზნის მისაღწევად სახარებას, კერძოდ მარკოზის არარსებულ მეჩვიდმეტე თავს ასახელებს, რომელიც გადაულახავ დაბრკოლებად იქცა ერთგვარი ,,მორწმუნე ბრბოსთვის“, მის რეალურ, მასულდგმულებელ კრედოს კი არა სულიერი, არამედ გარეგანი გამოხატულება წარმოადგენს, რაც ერთგვარად კონტრასტულ სამყაროში მოგვაქცევს, სადაც არ არსებობს ზღვარი სიმართლესა და სიცრუეს, ფიქრსა და მოქმედებას შორის. ამგვარად, ზემოთხსენებული ინდივიდები თავის წარმოჩენის მიზნით მოზღვავებული სუბიექტიზმისა და გაუნათლებლობის დემონსტრირებას ახდენენ. ვინაიდან მათ არ შესწევთ ძალა, ისეთივედ წარმოაჩინონ თავები, როგორებიც რეალურად არიან-დარჩნენ პირველხარისხოვან პიროვნებებად და არა მეორეხარისხოვან შემსრულებლებად, რომლებზეც სიცრუე იმარჯვებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მღვდლის მიზანი მიღწეულია, რაც ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს მის გათვითცნობიერებას, ვინაიდან აღნიშნული პროტაგონისტი ზედმიწევნით კარგად იცნობს ადამიანის შინაგან სამყაროსა და ფსიქოლოგიას. ამასთან, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ განვითარებული პასაჟების მსვლელობის ადგილი ეკლესიაა, რაც კიდევ უფრო რეალურსა და ეფექტურს ხდის ტექსტს, ისევე, როგორც მღვდლის ამპლუაში მყოფი პროტაგონისტი და მორწმუნის უნიფორმით შენიღბული ,,ბრბო“, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ჩამწვდარა რწმენის იდეასა და სუბსტანციას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთან აღსანიშნავია სახარების როლი მინიატურაში, რომელიც მამხილებლის როლს თამაშობს და გვახსენებს, რომ მიუხედავად სიცრუის მძლავრი გავლენისა, უნდა მივმართოთ ჩვენი ფიქრები სამართლიანი, პიროვნული გზის მიმართულებით და ვიმოქმედოთ ამ უკანასკნელის შესაბამისად. ასეთ დროს დეილ კარნეგი გვეტყოდა: საკუთარი თავების უკეთ შესასწავლად აუცილებელია ვაკეთოთ ის, რისიც ყველაზე ძალიან გვეშინია-გვეშინია სიმართლის, მაშასადამე უნდა ვთქვათ იგი. ამგვარად, თუ გზას ჭეშმარიტი, ანტიეგოცენტრისტული მიმართულებით განვაგრძობთ, მივალთ დასკვნამდე,რომ ავტორმა მინიატურის მეშვეობით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ნაწარმოებს, წარმოგვიჩინა ადამიანის ორი სახე-სუბიექტური, მეორე „მეს“ რენეგატი, რომელიც საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით დემორალიზდება და მეორე ,,მე“, რომელსაც გათავისებული აქვს პიროვნული სრულყოფილების არსი. აქედან გამომდინარე მივდივართ იდეამდე-სიმართლის დამალვითა და საკუთარი თავების წარმოჩენით ხშირად საპირისპირო შედეგამდე მივდივართ, რადგან საკუთარ თავებს თავადვე გავცემთ. თუ მე-12 საუკუნეში გადავინაცვლებთ, შოთას შევნიშნავთ, რომელიც მალევე გვეტყვის: ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, ხოლო ზოგჯერ დროა, პითაგორას დავუგდოთ ყური და ენას მაგრად დავაჭიროთ კბილი.
0 კომენტარი