აკაკი წერეთლის - "გამზრდელი"

აკაკი წერეთლის
"გამზრდელი"

მორდუობის გამტეხი საფარ-ბეგი მიდის გამზრდელთან:

არც გვარით, არც ვაჟკაცობით,
არც სიმდიდრით, არც ქონებით, -
ჰაჯი-უსუბ ცნობილია
მხოლოდ ჭკუით და გონებით.

ჭირში, ლხინში საზოგადოდ
უმისობა არ იქნება;
ხელის გულზე აწერია
თვით მაჰმადის წმინდა მცნება.

ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს,
მნახველია ცის და ქვეყნის;
ჯერ ისევე ჭანმაკია,
თუმც არ არის კი მცირე ხნის.

ხელ-ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, -
არ ტყუილი ქადილია;
სადაც კია გვარიშვილი,
ყველა მისი გაზრდილია.

საფარ-ბეგიც მან გაზარდა
ისე, როგორც სხვები ყველა,
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა?

აი, სწორედ ამ უსუბთან
მიდის ახლა საფარ-ბეგი,
მორდუობის გამტეხი და
ჩვეულების გადამდეგი.

ეუბნება ყოველიფერს,
უნებურად რაც შეემთხვა;
ცრემლები სდის და ეჩრება
ბურთად ყელში მწარე სიტყვა.

ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ,
სახე მოინაღვლიანა:
სიდიადე ამ მუხთლობის
თვალწინ გაისიგრძეგანა.

ოხვრით ჰკითხა: „მერე? მერე?
რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?“
- „მაპატივა შეცოდება,
როგორც ძმამ და მეგობარმა!..

მხოლოდ ის-კი დამავალა:
ნახე შენი გამზრდელიო
და მაგ შენი საქციელის
პასუხს მისგან მოველიო!“

- მესმის, მესმის და პასუხიც
ჩემი მხოლოდ ის არიო,
რომ ნამუსის გასაწმენდად
ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!..

შეაყენა ზედა ფეხზე
მან დამბაჩა დატენილი;
მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს
საფარ, მისი გამოზრდილი.

მაგრამ უსუბ ეუბნება:
„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია!..
ჩაიკეცა სულთამბრძოლი
წამლის კვამლში გაეხვია


  1. რით არის ცნობილი ყაბარდოში ჰაჯი-უსუბი?
    ა) გაუტეხლობით
    ბ) სამართლიანობით
    გ) სიბრძნით
    დ) რაინდობით
  2. რომელ ლიტერატურულ მიმართულებას მიეკუთვნება ნაწარმოები?
    ა) სიმბოლიზმს
    ბ) რომანტიზმს
    გ) მოდერნიზმს
    დ) რეალიზმს
  3. როგორ აფასებს აკაკი საფარ-ბეგს?
    ა) ერისა და რწმენის მოღალატეს.
    ბ) უსუსურ მებრძოლსა და მშიშარას.
    გ) წეს-ჩვეულებისა და ძიძიშვილობის გამტეხს.
    დ) მამისა და ოჯახის მოღალატეს.
  4. როგორ გესმით "სიდიადე ამ მუხთლობის, თვალწინ გაისიგრძეგანა"?
    ა) დიად განზრახვას მიუხვდა.
    ბ) ცოდვის სიმძაფრე გაიაზრა.
    გ) აწონდაწონა საკუთარი პასუხისმგებლობა.
    დ) ბათუს სიდიადემ ჩააფიქრა.
  5. ბათუს (ძიძშვილის) რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?
    ა) სულგრძელობა
    ბ) უპასუხისმგებლობა
    გ) ცბიერება
    დ) მიამიტობა
  6. რომელ ტაეპში ჩანს ჰაჯი-უსუბის ქმედების მოტივი?
    ა) "სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ"
    ბ) "რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ"
    გ) "მერე, მერე ,რა სთქვა ქმარმა?"
    დ) "ჩემი ხელით სისხლს სავღვრიო"
  7. რომელ ტაეპშია აფორიზმი გამოყენებული?
    ა) "ჭირში, ლხინში საზოგადოდ უმისობა არ იქნება"
    ბ) "ეუბნება ყოველიფერს უნებურად რაც შეემთხვა"
    გ) "ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ, სახე მოინაღვლიანა"
    დ) "მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამ არ უშველა"
  8. საფარის გარდა, ვინ ელოდება გამზრდელის განაჩენს?
    ა) ხალხი
    ბ) ძიძიშვილი
    გ) მხოლოდ საფარი
    დ) ყაბარდოელები
  9. რომელ ტაეპშია სიტყვათა მყარი შეხამება?
    ა) "მორჩილებით გულმკერდს უშვერს, საფარ მისი გამოზრდილი"
    ბ) "მხოლოდ ის-კი დამავალა: ნახე შენი გამზრდელიო"
    გ) "ცრემლები სდის და ეჩრება ბურთად ყელში მწარე სიტყვა"
    დ) "საფარ-ბეგიც მან გაზარდა ისე, როგორც სხვები ყველა"
  10. ჰაჯი-უსუბმა თვითმკვლელობით:
    ა) პასუხისმგებლობამხოლოდ საფარ-ბეგს დააკისრა.
    ბ) პასუხისმგებლობა თავად აიღო.
    გ) საფარ-ბეგი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
    დ) ბათუ (ძიძიშვილი) პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
* აღზრდით ყველაფერი მიიღწევა. ადამიანის ზნეობრიობას აღზრდა განაპირობებს.