ილია ჭავჭავაძის - "ბედნიერი ერი"

ილია ჭავჭავაძის
"ბედნიერი ერი"

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?


  1. რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება ლექსი?
    ა) სიმბოლიზმს
    ბ) რომანტიზმს
    გ) რეალიზმს
    დ) პოსტმოდერნიზმს
  2. როგორია ლექსის ინტონაცია?
    ა) ირონიული
    ბ) სევდიანი
    გ) ამაღლებული
    დ) რომანტიკული
  3. როგორ ხედავს ილია ქართველთა "მორთულობას", "მშვენიერებას", "უწყინარობას"?
    ა) როგორც საამაყოს
    ბ) როგორც დამამშვიდებელსა და საიმედოს
    გ) როგორც უარყოფითი შინაარსის შემცველ სიტყვებს.
    დ) როგორც ქართველების  უმთავრეს დადებით მახასიათებლებს
  4. როგორ გესმით სიტყვა "თვალაბმული"?
    ა) ყველაფერს რეალურად აფასებს.
    ბ) ვერაფერს ხედავს, თავს იტყუებს
    გ) იმედიანად უყურებს მომავალს.
    დ) გაუტეხელი
  5. რომელ ტაეპებს აქვ სგანსაკუთრებული მხატვრული ფუნქცია ლექსში?
    ა) "ყველა უნჯი,
         ყველა მუნჯი,
         გულჩვილი და ლმობიერი,
         თვალაბმული,
         თავაკრული,
         პირს ლაგამი ზომიერი"
    ბ) "არრის მქონე,
         არრის მცოდნე,
         უზრუნველი და მშიერი"
    გ) "მძიმე ყალნით,
         ლამაზ ფალნით
         მორთული და მშვენიერი"
    დ) "ჩვენისთანა ბედნიერი
          განა არის სადმე ერი?!“
  6. ვის მიმართ ყოფილა ქართველი "თავდახრილი"?
    ა) მამათა თაობის
    ბ) სამშობლოს
    გ) მტრის
    დ) მოყვრის
  7. ვინ არის ილიას კრიტიკის ობიექტი?
    ა) ქართველი ხალხი, რომლისგანაც ილია გამიჯნავს საკუთარ თავს.
    ბ) ქართველი ხალხი, რომლისგანაც ილია არ გამიჯნავს საკუთარ თავს.
    გ) მტერი
    დ) მამათა თაობა.
  8. რას ნიშნავს "ყალანი"?
    ა) ბეგარა
    ბ) კალამი
    გ) დარდი
    დ) სატვირთო უნაგირი.
  9. რომელ შემთხვევაშია მოცემული კონტრასტი?
    ა) ბედნიერება, რომელსაც სიყრუე,სილაჩრე,თვალთმაქცობა განაპირობებს.
    ბ) ბედნიერება ,რომელსაც ერის კეთილდღეობა განაპირობებს
    გ) უბედურება, რომელსაც ერის მანკიერებები განაპირობებს
    დ) უბედურება, რომელსაც მტერი განაპირობებს.
  10. სინამდვილის მხატვრული ასახვის რომელ ფორმას მიმართავს ავტორი?
    ა) ალეგორია
    ბ) იუმორი
    გ) სატირა
    დ) კომედია

3. წერითი დავალება (34 ქ)

* მორჩილება, შემგუებლობა  ერის გადაგვარების საფუძველია.