გალაკტიონ ტაბიძის - "მშობლიური ეფემერა"

გალაკტიონ ტაბიძე
"მშობლიური ეფემერა"

ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს -
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
„დიდი ხანია?“ - მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „დიდი ხანია“...

შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
„ამირანია?“ - მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „ამირანია“...
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
„დაკარგულია?“ - მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „დაკარგულია“...
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
ფერები ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შინდი...
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით,
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა.
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა...
სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო.
მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!..
შეხავსებია კლდეები კლდეებს.
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
„ამირანია?“ - კვლავ ვკითხავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „ამირანია“...

  1. ლექსი 1923 წელს არის დაწერილი, რომელი ისტორიული ფაქტის გამოძახილია ლექსში?
    ა) ილიას მკვლელობის.
    ბ) საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის.
    გ) "ცისფერყანწელთა" ლიტერატურული გაერიანების ჩამოყალიბების.
    დ) ბატონყმობის გაუქმების.
  2. რას ნიშნავს სიტყვა ეფემერა?
    ა) მომაჯადოებელი
    ბ) გამაღიზიანებელი
    გ) დიდებული
    დ) სწრაფწარმავალი
  3. რისი სიმბოლოა ქართულ ლიტერატურაში კლდეზე მიჯაჭვული ამირანი?
    ა) თამარის ეპოქის
    ბ) ეროვნული ჩაგვრისგან ხსნის იდეის
    გ) კონფორმიზმის
    დ) სიმშვიდის
  4. როგორი ფორმაა სიტყვა "ვცნობილობ"?
    ა) არქაიზმი
    ბ) ნეოლოგიზმი
    გ) ბარბარიზმი
    დ) დიალექტიზმი
  5. რის გამო ვერ ცნობს პოეტი სამშობლოს?
    ა) მას ზამთარი ფარავს
    ბ) ქვეყანა დამონებულია
    გ) ყველაფერი ყვავის
    დ) პოეტი იქ არ იმყოფება
  6. რა მხატვრული ფორმაა:
    "დიდი ხანია?" - მივმართავ ტყეებს,
    და ტყე გუგუნებს: "დიდი ხანია"...?
    ა) შედარება
    ბ) ეპითეტი
    გ) გაპიროვნება
    დ) ალიტერაცია
  7. როგორ გესმით ტაეპის შინაარსი - "დარიალიდან ზარავდა ზარი"?
    ა) შემზარავი ხმები ისმის დარიალიდან
    ბ) დარიალის ხეობაში სიმშვიდეა
    გ) დარიალი იბრძვის
    დ) დარიალი გაჩუმდა
  8. ვის გულისხმობს პოეტი სიტყვაში "ლანდებს"? (იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!..)
    ა) მთებში გაჩენილ ღამის სილუეტებს
    ბ) ბოლშევიკებს
    გ) 60 - იანელებს (ილია, აკაკი...)
    დ) მენშევიკებს
  9. რას გულისხმობს პოერი სიტყვებში: "ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს"?
    ა) პოეტი მარტოობაზე წუხს.
    ბ) სამშობლოს გულისტკივილი ადარდებს პოეტს
    გ) კვნესაში საყვარელი ადამიანის დაკარგვა იგულისხმება
    დ) უღიმღამო დღეები მიდის
  10. რა მხატვრული ხერხია: "და ცა ალუბლით სავსეა..."?
    ა) მეტაფორა
    ბ) ეპითეტი
    გ) გაპიროვნება
    დ) შედარება
* ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა უდიდეს ტკივილს აყენებს ადამიანს.