ვაჟა -შაველას " ჩემი ვედრება":

                                          ვაჟა-ფშაველას  ჩემი ვედრება

 

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.


1.როგორ გესმით:“არ დამეკარგოს გულიდან,მე შენი სახსოვარია“

   ა) მუდამ მახსოვდეს წუთისოფლის ამაოება


   ბ)არ შევუშინდე დაბრკოლებებს.


   გ) მახსოვდეს სამშობლო


   დ)არ დავკარგო ღვთის სახე


2.რომელ ტაეპში ჩანს მოყვასისადმი თავგანწირვა?

ა) „ მამყოფე შეუდრეკლადა“


ბ) „ ჩემი მუდმივი სამყოფი“


გ) ‘მაშრომე საკეთილოდა“


დ)“ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს“


3 რა არის ვაჟასთვის ცხოვრების საზრისი?

 ა)დაჩაგრულის დაცვა


ბ)მტრის მოშორება


გ) დარდის გაქარვება


დ)ბუნებაზე ზრუნვა


4.რომელ ლიტერატურული მიმართულებას მიეკუთვნება ლექსი?

ა) რომანტიზმს


ბ) რეალიზმს


გ) მოდერნიზმს


დ) სიმბოლიზმს


5.რა მხატვრული ხერხია:“ბალახი ვიყო სათიბი,არა მწადიან ცელობა“?

ა) ეპითეტი


ბ) შედარება


გ)მეტაფორა


დ) გაპიროვნება


6.რომელ ტაეპში ჩანს პარადოქსული აზროვნების მხატვრული ფორმა?


ა)“ ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს,მადლს გულზე ცეცხლის მდებელსა“


ბ)“მაშინ ვარ თავისუფალი ,თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა“


გ)“ ნუ დაუძვირებ ოცნებას შენს ხმას,სხივგამომღებელსა“


დ)“ მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ ,როცა ვარ შეწუხებული“


7.რა ანიჭებს პოეტს თავისუფლებას?

ა)ემპათიის უნარი


ბ) ბუნების ხილვა


გ) აღიარება


დ)სიცოცხლე


8.როდის კარგავს ადამიანი ღვთის სახეს,ვაჟას აზრით?

ა)როცა სხვაზე ფიქრობს


ბ) როცა მსხვერპლად იქცევა


გ) როცა ვერ ესმის საზოგადოების


დ)როცა მოძალადედ იქცევა


9.რის გადარჩენას ცდილობს პოეტი სიტყვბით:“ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა“?

ა)ხორცის


ბ) ქვეყნის


გ( ოჯახის


დ) სულის


10.ვის უწოდებს ვაჟა „ გაცივებულ ლეშს“?

ა) ადამიანს,რომელიც სულზე ფიქრობს


ბ) ადამიანს,რომელსაც ადამიანი დაავიწყდა


გ) ადამიანს,რომელსაც ფიქრი მოეძალა


დ) ადამიანი,რომელიც გარდაიცვალა.


·         ადამიანი სიკეთით ფასობს,უზნეობა კი მოძალადედ აქცევს