გივი გეგეჭკორის " თევდორე" ( ერთი ადამიანის გმირობა)
წერითი დავალება(10ქ+34ქ)
გივი გეგეჭკორის ლექსი „ თევდორე“
ხალხს და ქვეყანას ეწირება მხოლოდ თევდორე.
ხალხმა არ იცის, საქართველო რომ იღუპება,
რომ განსაცდელი კარს მოსდგომიათ,
რომ შუბი უკვე აღმართულია,
შუბი ფარული და უხილავი
და სადაც არი, გაიზუზუნებს.
ხალხმა არ იცის, ტივი კლდეებს რომ ეჯახება
და უმწეოა ტივზე მეტივე,
რომ საყდარია მიტოვებული
და მოციქული უნუგეშოდ დგას თორმეტივე,
რომ სოფლის თავზე ჭვარტლიანი ტრიალებს სვავი,
რომ ოცნებისთვის მკაცრი არის დღე დღევანდელი
და თმებგაშლილი ანგელოსი დგას და ქვითინებს.
ხალხმა არ იცის, საქართველო რომ იღუპება,
რომ მტერი უკვე ოჯახში უზით.
ცეცხლს რომ აკვესებს, ყიზილბაშის ცხენის ქუსლია,
ხალხს და ქვეყანას ეწირება მხოლოდ თევდორე
და თავგანწირულს ჯერ სამშობლო ვერ დაუხსნია.
ის ქვენადრისის გზაზე მიდის.
იმან არ იცის, ქვეყანაზე რატომ მოვიდა,
მაგრამ მან იცის, რატომ მიდის...
ხალხმა არ იცის, არ ეყურება
გადამთიელის ცხენის ჭიხვინი.
თებრონე მშვიდად მიდის წყაროზე,
მერე ქალებში დგას მარიხივით.
ხალხმა არ იცის, ვერ გაუგია
საქართველოში მოსვლა სატანის
და ორღობეში ღვივის თებრონეს
აყვავებული კაბის ატამი
ქვეყანას უმზერს მზე სისხლიანი,
ო, ღმერთო, ასე უყურებს ალბათ
მიწაზე ძალით წამოქცეული
ხარის თვალები გაოფლილ ნალბანდს.
ხალხმა არ იცის, გადამთიელი რომ შემოსულა,
რომ სისხლით ღებეს
თრიალეთი და დაწვეს მანგლისი.
ცხირეთში მშვიდად ისვენებს მეფე.
მშვიდად არიან ფეოდალები,
ძალაუფლების ათრობთ თრიაქი.
სასაფლაოზე გადადის ცხვარი.
სოფელს აფხიზლებს დედლის კრიახი.
იბრუჟებიან ღვინით ბერები.
ვაჭარი ძღვენით მისდგომია მეფის პალატებს.
ხალხმა არ იცის,
არც მამაცმა
და არც ლაჩარმა,
გულქვამ,
გულჩვილმა,
არც ერთგულმა,
არც მოღალატემ,
რომ იღუპება საქართველო.
ფიქრად არა აქვს
ქვეყნად არავის -
არც ხელმწიფეს,
არც ქვეშევრდომებს,
წინ გაგდებული,
სისხლიანი,
ლახტით ნაცემი
1.რას გულისხმობს ავტორი სიტყვებში“ შუბი უკვე აღმართულია“?
ა)მტერი უკვე შემოსულია საქართველოს დედაქალაქში
ბ) მთერი უკვე შემოსულია საქართველოს ტერიტორიაზე
გ )მტერს უკვე დაპყრობილი აქვს მთელი საქართველო.
დ) მტერს ხალხი ეხმარება
2. რა აზრს გამოხატავს ფრაზა :“და მოციქული უნუგეშოდ დგას თორმეტივე“?
ა)ქრისტიანულ ქვეყანას მაჰმადიანები ვერაფერს დააკლებენ.
ბ)ქრისტიანულ ქვეყანაში სატანამ ფეხი მოიკიდა.
გ)ქრისტიანულ ქვეყანას საშინელი კატასტროფა ელოდება.
დ)ქრისტიანულ ქვეყანას გადაგვარება ელის.
3.რა განწყობილებას ქმნის ავტორი ფრაზით:“ სოფლის თავზე ჭვარტლიანი ტრიალებს სვავი“?
ა)მარტოსულობის ტრაგიზმს.
ბ) სრულ უიმედობას .
გ) ბედნიერების მოლოდინს.
დ) უბედურების მოლოდინს.
4.რომელი სტრიქონით არის აზრი გამოხატული,რომ ქრისტიანობას საფრთხე ემუქრება?
ა)“ რომ ოცნებისთვის მკაცრი არის დღე დღევანდელი’
ბ)“ ტივი კლდეებს რომ ეჯახება და უმწეოა ტივზე მეტივე“
გ) „ და თმებგაშლილი ანგელოზი დგას და ქვითინებს“
დ)“ არც ერთგულმა ,არც მოღალატემ“
5.რა ფუნქცია ეკისრება ლექსში ხალხური შემოქმედების პერსონაჟის- თებრონეს გამოჩენას?
ა) გმირობის ჰიპერბოლიზაციის
ბ) კვანძის შეკვრის
გ) კვანძის გახსნის.
დ) მხატვრული კონტრასტის
6.რა მხატვრული ხერხია მოცემულ ტაეპში-“და ორღობეში ღვივის თებრონეს
აყვავებული კაბის ატამი.“?
ა)შედარება
ბ) მეტაფორა
გ) ალიტერაცია
დ) ჰიპერბოლა.
7.რატომ ვერ გაუგია ხალხს „ საქართველოში მოსვლა სატანის“?
ა)ყველა ქვეყანაზე ფიქრობს
ბ)ისინი სხვა ქვეყნის მიწაზე არიან
გ) გულგრილობის მორევშია ჩაფლული ყველა.
დ) მტერს ხალხი დატყვევებული ჰყავს.
8.როგორ უნდა გავიგოთ ნათქვამი:“ ფეოდალებს ძალაუფლების ათრობთ თრიაქი“?
ა) მთავრები ერთმანეთს ვერ უგებენ.
ბ) ფეოდალები მეფეს განუდგნენ.
გ) ფეოდალები თრიაქით თვრებიან.
დ) ფეოდალებს ქვეყნის ინტერესებზე მეტად საკუთარი ძალაუფლება აღელვებთ.
9.როგორ გავიგოთ „ მაგრამ მან იცის ,რატომ მიდის“?
ა)თევდორეს ღრმად აქვს გააზრებული, რატომ იღუპება.
ბ)თევდორე ვერ აცნობიერებს, რა სურს მტერს.
გ) თევდორეს ხალხი ელოდება.
დ) თევდორეს მსხვერპლი ამაოა.
10.რა ამძაფრებს ამ ტექსტში თევდორეს ტრაგიკულ თავგანწირვას?
ა).მტრის სისასტიკე
ბ) საზოგადოების გულჩვილობა
გ ).ის სრულიად მარტოა
დ) ხალხის ემპათია
* ხშირად ერთი ადამიანის გმირობა ერის მორალურ სიმტკიცეს განაპირობებს
*იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს საკითხი და რამდენად აქტუალურია იგი
ია ფირცხალავა
0 კომენტარი