ილია ჭავჭავაძის - "ჩემო კალამო" (წერითი დავალება)
ილია ჭავჭავაძე
"ჩემო კალამო" - წერითი დავალება
თუ ზნეობრივი ნორმებით ვიხელმძღვანელებთ, საკამათო არ არის, რომ სიმართლის თქმა ეთიკურია, ხოლო ტყუილი-მორალურად გაუმართლებელი, თუმცა, როგორც ლაო ძი იტყოდა: "სიმართლის თქმა უსიამოვნოდ ჟღერს", ტყუილი კი გვხიბლავს. შესაბამისად, ისმება კითხვა: რამდენად მიმართავს ერი სიმართლის თქმას, მანკიერების მხილებას, ან კი სჭირდება თვითგამორკვევა, ე.ი. იდენტობის გარკვევა? ვფიქრობ, თემა დამაფიქრებელია.
მოცემული საკითხის პასუხად შესაძლოა განვიხილოთ ილია ჭავჭავაძის ლექსი“ ჩემო კალამო“,რომელიც პოეტის შემოქმედების კონცეფციად არის მიჩნეული. ლექსის დასაწყისში ახალგაზრდა პოეტი თამამად აცხადებს, რომ მისი შემოსვლა მწერლობაში "ტაშის" მიღებას არ ემსახურება. მეტიც, მას, როგორც რეალისტ შემოქმედს, გაცნობიერებული აქვს, რომ გზა, რომელსაც იგი ირჩევს, სახიფათოა მისთვის, მაგრამ აუცილებელია ერისთვის, ერისთვის, რომელსაც უიმედობის განცდა კლავს და დაჰკარგვია "დაკარგული ედემის" დაბრუნების იმედი. ილია ხვდება, რომ ერს უჭირს თვითგამორკვევა "დაბრმავებულა" და ქვეყანა "გაუქმებულ ტაძარს" ("აჩრდილი") დაუმსგავსებია. ერი საჭიროებს სარკეში ჩახედვას.
მკითხველის ყურადღებას იპყრობს ახალგაზრდა პოეტის თავგანწირვა და უშიშრობა. ილია სიყრმიდანვე აუღელვებია "ქართვლის ბედს" და მზადაა აიტანოს "ბრიყვთა" გაკიცხვა, ოღონდაც მათი სიყალბე, თვალთმაქცობა ამხილოს. რა თქმა უნდა, იგი მხილებას არ მოერიდება. (ამის ნათელი მაგალითია ჭავჭავაძის შემოქმედემა: "კაცია- ადამიანი?!", "ბედნიერი ერი", "პასუხის პასუხი" და სხვ.)
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლექსი პოეტისა და პოეზიის დანიშნულებას წარმოაჩენს მარტივად მივხვდებით, რომ სამწერლობო ასპარეზზე ილიამ, სამოციანელთა ავანგარდში, თამამად თქვა, რომ ის არ აპირებს იყოს არსებული გარემოს პროდუქტი და შეეცდება თავგანწირვითა და შემართებით შეცვალოს იგი, კალმით ამხილოს მანკიერებები და დაეხმაროს ერს თვითგამორკვევაში. მისი თავგანწირვის ქცევის მოტივაციაა მუდმივი ძიება, ბრძოლა - "ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი" - ძებნის საგანი კი მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა, რომელიც სასიკეთო შედეგამდე მიიყვანს ერს.
თეზისში მოცემული პრობლემა არაა უცხო ქართული ლიტერტურისათვის, ჯერ კიდევ არჩილმა თავისი მართლის თქმის პრინციპი დაუპირისპირა ფუჭ ტკბილხმოვანებაში გახვეულ "სპარსულ სკოლას" (თეიმურაზი), რომელიც არ ასახავდა ერის ტკივილს. სწორედ მხატვრული გამომსახველობის ამ ფორმაში ხედავდა გამოსავალს დავით გურამიშვილი, რომელიც თამამად ამბობდა: "ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად", მათი პირდაპირი ლიტერატურული მემკვიდრეები არიან ქართველი 60 - იანელები, მნიშვნელოვანია მათი სატირა, მკაცრი დაპირისპირება "მამათა თაობასთან", რაც ერიც დეგრადაციისგან დაცვას ემსახურებოდა.როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს "კაცია- ადამიანი?!", ლუარსაბი - საზოგადო ჭირი, რომელიც ბიოლოგიურ არსებად დარჩა და ვერ ამაღლდა "ადამიანამდე". თეიმურაზი (მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"), რომელსაც საკუთარი ცხოვრება ლეშად დაეკიდა ყელზე. ამ მწერლების ობიექტური განსჯის გზა დღესაც დააფიქრებს ერს. "ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?" ("სწავლა მოსწავლეთა").
აბსოლუტურად განსხვავებულია მე-20 საუკუნის სოციალისტური რეალიზმი, რომელიც გამოხატვის ერთადერთ ფორმად დატოვა სტალინის რეჟიმმა, ილუზორული ხელოვნება და ლიტერატურა, რომელიც არ ასახავდა სინამდვილეს, ასეთი შემოქმედების სახელები ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებისთანავე გაქრა ისევე, როგორც მათი შელამაზებული "რეალიზმი".
სიმართლის თქმა, ერის მანკიერებების მხილება დღესაც პრობლემად რჩება ჩვენს საზოგადოებაში, საბჭოთა მემკვიდრეობამ სიყალბესა და ტყუილს მიაჩვია ხალხი პარადოქსია, მაგრამ დღესაც საკამათოდ რჩება ვინ ვართ და საით მივდივართ? მიუხედავად იმისა, რომ ერს თავისი ევროპული გზა უკვე დიდი ხანია არჩეული აქვს. მანკიერებების მხილება დღესაც ინათლება "ბოროტებად", პოსტსაბჭოთა სივრცეში ფსევდოსიმართლის მართლად ქცევა ვითომდა ერის სიდიადის საჩვენებლად ისევ მანკიერ მემკვიდრეობად რჩება. თუმცა უფრო ეშმაკურად, გამიზნულად. თანამედროვე ცხოვრებაში სიყალბისა და სიცხადის გარჩევა ისევ დილემაა. პროპაგანდა ცდილობს საბჭოეთში თავსმოხვეული სტერეოტიპები ჩვენს ტრადიციად შემოგვასაღოს. ცხადია, მხოლოდ განათლებაა - როგორც ერთ-ერთი მძლავრი იარაღი - სიბნელესთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი. დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობები დაგვეხმარება თვითგამორკვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიისა და ღირებულებების გააზრებითა და ანალიზით. განსაკუთრებული როლი კი ახალგაზრდებს ეკისრებათ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან მომავალს.
დაბოლოს, სიმართლის თქმა, როგორც შესავალში აღვნიშნე, მორალურ სიმტკიცეზე დგას და ამიტომ არ შეიძლება ბოროტებად იქცეს, პირიქით, ის ბოროტებას ამარცხებს და რაოდენადაც უსიამოვნოდ არ უნდა ჟღერდეს, ჩვენს თვითგამორკვევას ემსახურება. მხოლოდ ასეთ ერებს შეუძლიათ დადგნენ "სხვა ერთა შორის" ("აჩრდილი").
0 კომენტარი