ილია ჭავჭავაძის - "მგზავრის წერილები"

ილია ჭავჭავაძე
"მგზავრის წერილები"

წაიკითხეთ ნაწყვეტი:

- მართლა-და რა უნდა ვქნა? - ვკითხე მე ჩემს თავს ხმამაღლივ.
- ჩაი უნდა მიირთოვო, - მიპასუხა სტანციის გუშაგმა, რომელმაც ამ დროს შემოიტანა სამოვარი და ჩემს სტოლზედ დადგა.
- ჩაი!..
- სამოვარი იმისთვის არ მიბრძანეთ? - მიპასუხა სულელმა გუშაგმა და გავიდა გარეთ. არ გასულა ამის შემდეგ რამდენიმე წუთი, რომ კარი ისევ გაიღო და ერთმა რუსის აფიცერმა შემოჰყო თავი. იმისი სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ ღვინოსა და არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა. თვალად ერთი ოცდაათის წლისას ჰგვანდა. ზედ ეტყობოდა, რომ მგზავრი არ იყო.  
- ნება მომეცით, - მითხრა მან რუსულად, - გაგაცნოთ ჩემი თავი: მე გახლავართ პადპარუჩიკი N. აქ ლარსში ვდგავარ, როტა მაბარია.
- ძალიან მოხარული ვარ, - ვუპასუხე მე, წამოვუდეგ ფეხზედ და ჩამოვართვი გამოწვდილი ხელი.
- საიდამ მობრძანდებით?
- პეტერბურგიდამ.
- ფრიად სასიამოვნოა. ამ უდაბურსა და ვერანა ადგილას ერთი ეგ სიამოვნებაღა მაქვს, რომ შევხვდები ხოლმე მგზავრს განათლებულის ქვეყნიდამ. კაცი, რომელიც გონებითა სცხოვრობს, მოვალეა ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეხვდეს განათლებულს კაცს საბაასოდ გონების გასაფხიზლებლად. დიდად მოხარული ვარ. ბაასი ჭკვის საზდოა.

მითხრა ესა და კიდევ გამომიწოდა ხელი, მეც ხელმეორედ ხელი ჩამოვართვი.
- თქვენ ვინა ბრძანდებით? - მკითხა მან.  
- მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი.  
- დახლიდარიო!.. - სთქვა და ტუჩები აიპრუწა.
- დიაღ, ბატონო!

ჩემმა ახალმა ნაცნობმა რომ ეს გაიგონა, მყისვე დიდკაცური სანახაობა მიიღო: მხრები მოიმარჯვა, ის პირველად მორიდებული ლაპარაკი სხვა ჰანგზედ შესცვალა.

- საიდამ მოდიხა-ა-ართ?! - მკითხა გაკვირვებით და დაცინებითაცა.
- პეტერბურგიდამ. 
-ჰმ, - ჩაიცინა აფიცერმა, - პეტერბურგიდამ. კარგია, გღირსებიათ პეტერბურგის ნახვა. პეტერბურგი!.. ძალიან კარგი ქალაქია, - სთქვა ესა და არხეინად ჩამოჯდა სკამზედ: - პეტერბურგი!.. ო, ო, დიდი ქალაქის პეტერბურგი!.. ვრცელი ქალაქია!.. არა ჰგავს თქვენ წიტიან ქალაქსა. აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი? ერთი თავიდამ რომ გადააფურთხო, ფურთხი ქალაქის ბოლოს დაეცემა. პეტერბურგი კი... ხომ გინახავთ პეტერბურგი? რუსეთის გულია. მართალია აქამდისინ მთელი რუსეთი ჰფიქრობდა, რომ მისი გული მოსკოვია, მაგრამ მთელს რუსეთს მე გავუფანტე ეგ ცრუ და უგუნური აზრი: მე მწერალი გახლავართ. გთხოვთ, რომ მიცნობდეთ. ეგრე კი ნუ მიყურებთ. მე დავამტკიცე, რომ პეტერბურგია მთელი რუსეთის გული. იზლერის ბაღი ხომ გინახავთ?  

დავუგდევი ყური ამ აფიცერსდა გულში კი ვფიქრობდი, ხომ არ გაგიჟებულა-მეთქი, მაგრამ გარდა ამ გადარეულის ლაპარაკისა არა შევატყვე-რა.

- არა, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? - მკითხა კიდევ იმან.
- პეტერბურგის გულობა რით დაამტკიცეთ? - ვკითხე მე და არ მივეცი პასუხი მის უკანასკნელ კითხვაზედ.
- არა, ჯერ მე მითხარით: იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თქვენ, აქაურები, ესე იგი ქართველები თუ სომხები, სამეცნიერო ლაპარაკს ჩვეულნი არა ხართ, ამიტომაც ერთის საგნიდამ მეორეზედ გადახტებით ხოლმე. თქვენ ზედმიყოლებითი, რიგიანი სჯა არ იცით. ეგ, რასაკვირველია, გაუნათლებლობისაგან მოგდით. მგონი, თქვენ არც კი იცით, - რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არღუმენტაცია, ინტელიგენცია, კასსაცია და ფილოლოღია. მაგრამ ესე არაფერი, წარმავალია. თქვენც გაიწურთნებით. მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა ბევრი მოდის რუსეთიდამ თქვენს გასანათლებლად. არა, ჯერ მითხარით, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თუ ეს არ გინახავთ, პეტერბურგიც არ გინახავთ.
- მინახავს.
- გინახავთ? მაშ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგამთ. ფრიად მოხარული ვარ, ფრიად მოხარული ვარ. იზლერის ბაღი? როგორი ბაღია, ჰა? ფერიებით სავსე სამოთხე ის არის, აი! ფერიები, ხომ იცით, რა არის? ეგ სამეცნიერო სიტყვაა, იქნება არ იცოდეთ. ეგ მდაბიურად რომ ვთარგმნოთ, იმასა ჰნიშნავს, რომ ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი, გინდა მეორეს. აი, განათლებას რა შეუძლიან. თქვენი ქალები კი კაცს დაინახავენ თუ არა, იმალებიან. არა, პეტერბურგი... დიდი ქალაქია, ფრიად განათლებული, და იზლერის ბაღი განათლების გვირგვინია, ასეთი ბაღია, რომ „მწუ“.

ამ სიტყვებზედ მეცნიერმა აფიცერმა თითებზედ იკოცა.
- მე იმედი მაქვს, რომ ეს სამოვარი ამ სტოლზედ თქვენთვის სდგას.
- თქვენმა იმედმა არ მოგატყუათ თქვენ.
- მე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც განათლებულის ქვეყნიდამ მოსული კაცი, მეც მითავზებთ ჩაისა.
- არც მაგ იმედს გაგიმტყუნებთ.
- რომიც, რასაკვირველია, გვექნება.
- მაგაზედ კი უკაცრავად.
- ეგ ვერაფერი ნიშანია. თქვენ სომეხი ხართ, თუ ქართველი?
- ქართველი.  
- ძალიან მიამა, რომ ქართველი ხართ. თუმცა ჩვენი ლერმონტოვი ამბობს, რომ бежали робкие грузины,(რუს: გარბოდნენ მშიშარა ქართველები, ციტატა ლერმონტოვის პოეზიიდან). მაგრამ მაინც ქართველები სჯობიან იმ პოიებსა. პაპიროზები კი, რასაკვირველია, გექმნებათ.  
- გახლავთ.
- იმედი მაქვს, რომ მითავაზებთ.
- დიდის სიამოვნებით, ინებეთ.

  1. რომელ მხატვრულ ხერხს იყენებს ილია იმის გადმოსაცემად, თუ როგორი შთაბეჭდილება დარჩა ოფიცრის პირველად ხილვისას "იმისი სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ ღვინოსა და არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა."
    ა) შედარება
    ბ) მეტაფორა
    გ) ალუზია
    დ) ირონია
  2. რატომ მიესალმა თავაზიანად პოდპორტუჩიკი ილიას?
    ა) მიხვდა, რომ ქართველი იყო
    ბ) მიხვდა, რომ მგზავრი იყო
    გ) ევროპული ჩაცმულობის გამო
    დ) ჩაის დალევა სურდა
  3. რუსი ოფიცრის რომელი ნაკლი ვლინდება მისსავე მსჯელობაში?
    ა) წინდახედულება
    ბ) გაუნათლებლობა
    გ) მოხერხებულობა
    დ) სულსწრაფობა
  4. ქვეყნის განათლების აუცილებელ წინაპირობად რუს ოფიცერს მიაჩნია:
    ა) ქვეყნის ისტორია
    ბ) რუსი მოხელეების ჩამოსვლა
    გ) მწერლების რაოდენობა
    დ) ეკონომიკური სიძლიერე
  5. რა მიზანი აქვს ილიას, როდესაც სომხის დახლიდრად ეცნობა პოდპორეუჩიკს?
    ა) ის მართლაც დახლიდარია
    ბ) არ უნდა, გაამჟღავნოს, რომ ქართველია
    გ) უნდა ოფიცერი გულღია საუბარში გამოიწვციოს
    დ) უნდაოფიცრის თანასწორობას გაუსვას ხაზი
  6. რომელ ფრაზაში ჩანს ილიას დამოკიდებულება ოფიცრის მიმართ?
     ა) ამ სიტყვებზედ მეცნიერმა აფიცერმა თითებზედ იკოცა."
    ბ) "ზედ ეტყობოდა, რომ მგზავრი არ იყო."
    გ) "- არც მაგ იმედს გაგიმტყუნებთ."
    დ) "დავუგდევი ყური ამ აფიცერს"
  7. მოცემული მონაკვეთის მიხედვით რუსების დამოკიდებულება ქართველთა მიმართ:
    ა) ერთნაირიად - უარყოფითია
    ბ) განსხვავებული
    გ) ერთნაირად - დადებითია
    დ) მხოლოდ რუსი ოფიცრის დამოკიდებულება ჩანს.
  8. "სტოლი", "სტანცია" - არის:
    ა) პარონიმები
    ბ) არქაიზმები
    გ) ბარბარიზმები
    დ) ნეოლოგიზმები
  9. როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ოფიცერი კავკასიელთა მიმართ?
    ა) გულთბილი
    ბ) ლმობიერი
    გ) ქლესა
    დ) ქედმაღლური
  10. რატომ პასიურობს ამ დიალოგში ილია?
    ა) არ აქვს პასუხები
    ბ) ოფიცერი არ აცდის
    გ) სურს მეტი ასაუბროს ოფიცერი, რათა მისი პიროვნება უკეთ შეიცნოს
    დ) სურს, თავი მოაწონოს ოფიცერს.
* უმეცარი ადამიანები ხშირად აგდებით ექცევიანდაბალ საფეხურზე მდგომმათზე ჭკვიან ადამიანებს.