კონსტანტინე გამსახურდიას - "დიდოსტატის მარჯვენა"
კონსტანტინე გამსახურდია
"დიდოსტატის მარჯვენა"
მეფე გიორგი უჩვეულოდ ღელავდა. სამჯერ გადაადებინა საქმე. ბოლოს მარტის 27-ს უნდა წარსდგომოდა სასამართლოს ფარსმანი. ახმობინა მეფემ მსაჯულთუხუცესი, დედათა მონასტრის წინამდგომი ვერხაულისძის ქალი და ეზოსმოძღვარი. გამოუცხადა: ფანასკერტელის ქალის საქმე არავისთვის ემცნოთ მსჯავრის გამოტანამდის. თვით მარიამ დედოფლისათვის არ გაემხილათ საქმის შინაარსი. უსასტიკესი სასჯელით დაემუქრა სამთავეს. შემდგომ ამისა, მსახურთუხუცესი წარგზავნა, მელქისედეკ კათალიკოსი აწვევინა. სამგზის ეახლა იგი მელქისედეკს, სამგზისვე ლოგინად ჩავარდნილი დაუხვდა მელქისედეკი მოციქულს. მეფე თავათ იყო სასამართლოს უზენაესი წინამდგომი. მისთვის დიახ უხერხული იქნებოდა საქმის მოსპობის, ან ფარსმანის შეწყალების მოთხოვნა, რაკი მოაჯის - ფანასკერტელის ქალის ძიება საქმეში იყო ჩართული. ბოლოს თავათ დააპირა კათალიკოსთან წასვლა, მაგრამ ერთიც ვნახოთ, სადარბაზოდ მოსული მეფე გაეწბილებინა მელქისედეკს? ეს დიდად საჩინოდ გახდიდა მათ შორის უჩინარად წარმოებულ ბრძოლას.
რაკი კათალიკოსთან სათათბიროდ წარგზავნილისათვის ფრიად დიდი და იდუმალი საქმენი უნდა გაემხილათ, ზვიად სპასალარმა თავათ შესთავაზა გიორგის: მე ვეახლებიო კათალიკოსს. მეფემ დაათათბირა ზვიადი, ყოველივე წვრილად უნდა აეხსნა მელქისედეკისათვის. დიდხანს იჩურჩულეს, ბოლოს დააბარა: არავინ დაესწრო ამ საუბრის დროს. სპასალარმა უგუნებობა შეამჩნია გიორგის, მიზეზი ჰკითხა. წინა ღამის უძინარი ვარო, მოიმიზეზა.თათბირი მოთავებული ჰქონდათ, მეფემ თრიაქი გადმოიღო, ნარგილე გააჩაღა და სწორედ ამ დროს მალემსრბოლი ჩამოვიდა ბიზანტიონიდან. გახსნეს გრაგნილი და ასეთი ამბავი ამოიკითხეს:
ტაოდან იერუსალიმს სალოცავად მიმავალი ბერი ზაქარია შეეპყრო ანტიოქიის დომესტიკს. ბასილისთვის გადაეგზავნა, კეისარს დილეგში ჩაეგდო იგი. შესწამეს თურმე ზაქარიას, მას მიეტანოს თითქოს კომნინისათვის გიორგი მეფის მიერ გაგზავნილი წითელი წაღები, და მისივე სახელით კეისრობა მიელოცნოს განდგომილისათვის. დიდხანს ეწამებინათ ბერი ზაქარია, მისგან ამას მოითხოვდნენ, დაედასტურებინა ოღონდ: მართლაც გაეგზავნოს თითქოს წითელი წაღები კომნინისათვის გიორგი მეფეს. მყისვე განთავისუფლებას ჰპირდებოდნენ ბერს, კესარეის საეპისკოპოზო ტახტს აღუთქვამდნენ თურმე. ზაქარიას მტკიცე უარი განეცხადებინა. რაკი აღთქმებით ვერ გააწყვეს რა, დილეგში ჩააგდეს კვლავ, ვირთხები მიუსიეს. როცა დაკითხვებით თავი მოაბეზრეს, სიმუნჯე მოიგონა. ენა მოსჭრეს თურმე.რაკი დამუნჯდი, ენა რაღად გინდაო, დასცინოდნენ ღრმად მოხუცებულს.
გიორგი გააცოფა ამ ამბავმა. წამოვარდა, მუშტებს უშენდა ტაბლას.
«ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი»...
ყვიროდა მეფე.
ასეთი სიტყვები არასოდეს სმენოდა მისგან სპასალარს. ნუთუ ამას ვერ ჰხედავს დაბრმავებული მელქისედეკი? აღარც მარიამ დედოფალს ესმის ეს საფრთხე».
«შენ გეტყვი, ზვიად, თუ მელქისედეკმა შორენას გამო რაიმე გითხრა, რას მიუგებ მაშინ?»
ზვიადი აიმღვრა. «მხოლოდ იმას, რასაც მეფე მიბრძანებს, პატრონი ჩემი».
გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა და გაუმეორა: «მხოლოდ იმას, რასაც მეფე გიბრძანებს... ჰმ»...
«რადა ბრძანებთ ამას, მეფეთ მეფეო?»
«არა, ისე ვთქვი»...
მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო:
«დედოფალი წამეკიდა წუხელ, სჩანს ეზოსმოძღვარს უჭორავნია... მარიამ ყოველივეს ამცნობდა კათალიკოსს, ალბათ, თუ მელქისედეკმა შორენას წარგზავნა მოითხოვა, აფხაზეთს წარგზავნა და ბედიაში მონაზვნად აღკვეცა, არამც და არამც არ მისცე ჩემის სახელით დასტური.ხოლო»...აქ ისევ დადუმდა, მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაგრძო: «ხოლო თუ კათალიკოსი გაჯიქდეს, უთხარი ჩემის სახელით, გირშელს მიათხოვებენ-თქო შორენას, ყველისციხის პატრონს, დედიჩემის დისწულს.ეცადე აქამდის არ მიიყვანო საქმე, თუ სხვა ღონე არ იქნეს, დაეთანხმე, გურანდუხტმა მზითევი გადმოუგზავნა-თქო უკვე, მეფემ დასტური მისცა-თქო. გირშელს მიათხოვებენ-თქო ყველისციხის პატრონს. ასე უთხარი და ვნახოთ მერმე»...ხელახლა თაყვანი სცა ზვიადმა მეფეს, მან კვლავ ჩაიდო ნარგილეს მილი პირში, გააბოლა. მცირე ხანს რეტდასხმული იჯდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ მიაძახა მიმავალს:«წითელი წაღების ამბავი გამოიყენე შენებურად, ზვიად»...
- რატომ არ იწყალებს მეფე ფარსმანს,მიუხედავად იმისა, რომ მისი დასჯა არ სურს?
ა) დედოფლის ეშინია.
ბ) კათალიკოსის რიდი აქვს.
გ) ფარსმანის საქმის მოსპობა სურდა.
დ) სასამართლოს ინსტიტუტს უფრთხილდება. - რას ნიშნავს "მეფე გაეწბილებინა მელქისედეკს"?
ა) გულითადად მიეღო.
ბ) პირობა წაეყენებინა.
გ) არ მიეღო.
დ) დაელოცა. - როგორ ხასიათდება მოცემული მონაკვეთის მიხედვით, ზვიად სპასალარი?
ა) მეფის ერთგული.
ბ) კათალიკოსის ერთგული.
გ) ქვეყნის მოღალატე.
დ) სულსწრაფი. - ვინ არის მალემსრბოლი?
ა) ვაზირი
ბ) შიკრიკი
გ) ხაბაზი
დ) მეისრე - როგორ ხასიათდება ბერი ზაქარია?
ა) პატრიოტი
ბ) მედროვე
გ) დიდებისთვის მებრძოლი
დ) ანგარებიანი - როგორ ხელისუფლად გვევლინება გიორგი 1-ელი?
ა) ომს ერიდება ბერძნებთან და მშვიდობას ინარჩუნებს.
ბ) ბიზანტიელთა მოკავშირეა.
გ) სომეხთა მოკავშირეა.
დ) დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად არაფერს და არავის ერიდება. - რა არის მელქისედეკის ქცევის მოტივაცია?
ა) მარიამ დედოფლის ინტერესების დაცვა.
ბ) შორენას ინტერესების დაცვა.
გ) ბერძნების წინააღმდეგ წასვლა.
დ) სამეფო კარის გაძლიერება. - რა მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ წინადადებაში?
"ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი"
ა) გაპიროვნება
ბ) ეპითეტი
გ) შედარება
დ) ჰიპერბოლა - რა არის "წითელი წაღები"?
ა) რეგალიები ბიზანტიის კეისრებისა.
ბ) საჩუქარი კათალიკოსისათვის.
გ) ქართული სამეფო სამოსის ნაწილი.
დ) მეფის საყვარელი სამოსი. - ვისი იდუმალი დაპირისპირება ჩანს ტექსტში?
ა) მეფისა და კათალიკოსის
ბ) ზვიად სპასალარისა და მეფის.
გ) ბერი ზაქარიასა და მეფის.
დ) მარიამ დედოფლისა და მელქისედეკის.
0 კომენტარი