ილია ჭავჭავაძის - "კაცია-ადამიანი?!"
ილია ჭავჭავაძე
"კაცია-ადამიანი?!"
ლუარსაბისა და დარეჯანის დაქორწინების ამბავი:
ქორწილის ღამეს დიდი ამბები მოხდა. მოვიდა სიძე დიდის მაყრიონით, ძმაც თანა ჰყვანდა, სწორედ სამშაბათს დღეს. იმ დღეს საცოლო არ აჩვენეს, რასაკვირველია. მოსესაც შეეყარა დიდი ხალხი. უგანზრახვოდ არ იყო ეს ხალხის შეყრა მოსეს მხრით... როცა ყველაფერი მოამზადეს, მერე მიიპატიჟეს საქმროცა. როცა შევიდა ლუარსაბი საყდარში და თვალი მოჰკრა თავის საცოლოსა, ელდა ეცა. მოუბრუნდა თავის ძმას დავითს, თავაზასაც და ზრდილობასაც თავი დაანება და უთხრა: - დავით, აკი მზეთუნახავიაო? ხალხს სიცილი წასკდა, საწყალი პატარძალი სირცხვილით აინთო და ტირილი დაიწყო. დავითი წინ წადგა; რომ დაინახა ერთი უმსგავსო პატარძალი, მღვდელს მიუბრუნდა:
- მამაო!
ჯერ სხვა იწერს ჯვარს, თუ ეს რა ამბავია?
- კნიაზი ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯან მოსე გძელაძის ასული იწერს ჯვარს, - მიუგო
მღვდელმა.
- პატარძალი სად არის?
- აი, ესა ბძანდება.
- ლუარსაბ! - დაუძახა ძმას დავითმა, - მოგვატყუეს, ეგ ის არ არის, ჯვარი არ დაიწერო.
მთელი ხალხი გაოცდა. ლუარსაბი დაღონებული და უფრო გაფითრებული გამოვიდა
საყდრიდან, მთელი მაყრიონი გამოჰყვა. ცხენები მოიკითხეს, უნდა წამოსულიყვნენ. ცხენები
დაემალათ. შეატყობინეს მოსეს, რომ საქმრო ჯვარს არ იწერსო. მოვიდა მოსე და თან მოიყვანა
მრავალი ხალხი.
- კნიაზო დავით! ეს რა ამბავია? - უთხრა გაჯავრებულსავით მოსემ, - ქალი საყდარშია და
საქმრო ეხლა დადგა უარზედ? აქამდინ სად იყავით, თუ არ გინდოდათ ჩემი ქალი? ვინ
გეხვეწებოდათ? თქვენისთანა ოჯახისშვილები მეხვეწებოდნენ, რომ არ მივეცი!
- აი, ბატონო, ქალი მანდ არის და, ვისაც გნებავდეთ, იმას მიეცით. ჩემი ძმა კი მაგის შემრთველი
არ არის, - მიუგო თავგამოდებით დავითმა.
- ეხლა განა? როცა მთელმა ქვეყანამ შეიტყო, რომ ჩემს ქალს ირთავს შენი ძმა, როცა შენმა ძმამ
საყდარშიაც შეიყვანა ჩემი ქალი? არა, თავზედ ლაფს არავის არ დავასხმევინებ! ან უნდა ჯვარი
დაიწეროს, ან არა და აქედამ ცოცხლები ვეღარ წახვალთ! გაგონილა? სიძე სახლში ჩამიდგეს,
ქალი საყდარში შეიყვანოს და ჯვარი აღარ დაიწეროს!..
- ის კი გაგონილა, რომ პატარძალი შეცვალონ! ეს შენი ქალი არ არის.
- ხალხო და ჯამაათო! დახე, რომ ვეღარა მოუგონიათ რა, იმას ამბობენ, შენი ქალი არ არისო, -
დაუძახა ხალხს მოსემ.
- მაშ ვისია, თუ მაგისი არ არის! - გაიხმაურა მოსეს ხალხმა, - ჩვენ ფიცს მოგცემთ.
- არა, ბატონებო, ჩემი ძმა ჯვარს არ იწერს. თუ ძალაზედ დადგებით, არც ჩვენ ვართ ლაჩრები, -
წარმოსთქვა დავითმა და ხანჯალი მოიმართა. ქალები, ვინც კი იყვნენ საყდარში, სულ აქეთიქით მიიფანტნენ... პატარძალი კი და ორი ვიღაც ბებერი მოსემ საყდრიდამ არ გამოაყვანინა,
იმედი ჰქონდა, რომ როგორმე მოახდენდა ჯვარისწერას.
- მაშ მოსე თავადიშვილი აღარ ყოფილა, - წამოიძახა მოსემ, - თუ თქვენ ჩემი ოჯახი
შეგარცხვენინოთ; ჩემის ცოცხალის თავით არ ვაკადრებ ჩემს გვარს, რომ თათქარიძეებმა
საყდარში ქალი გამიუპატიურონ, ჯვარი უნდა დაიწეროს.
- არ დაიწერს.
- უკანასკნელი სიტყვაა?
- უკანასკნელია.
- დავით! - უეცრად გადაასხვაფერა სიტყვა მოსემ და ხმაც მოურბილა, - აქეთ მობძანდი.
დავითი გაჰყვა. იქით ორნივ გაშორებით გადგნენ. მოსემ ამოიღო ხუთი თუმანი და უთხრა
ხმადაბლა დავითს:
- ეს ხუთი თუმანი, დაჩუმდი, შენ რა გინდა? შენ ხომ არ ირთავ?
დავითი დარბილდა.
- ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო? - უპასუხა.
- შვიდი იყოს.
- ან შვიდად.
- რვა იყოს!
- ვერც რვა თუმნად.
- მაშ რამდენი გინდა?
- ათი მაინც იყოს.
- ცხრაზედ რას იტყვი?
- არა, ათი.
- ეჰ, ჯანი გავარდეს: ათი იყოს. - ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო.
- მე კი დავჩუმდები და ჩემი ძმისა შენ იცი, - უთხრა ღიმილით დავითმა.
- ოღონდ შენ დაჩუმდი და ერთი ორიოდე კაცი თქვენი მაყრიონიდამაც დაიყოლიე და
ლუარსაბს მე მოვუხერხებ.
- ბატონი ხარ. მაგის პირობას გაძლევ.
- მაშ ხელი დაჰკარ.
დაჰკრეს ხელი ხელს და საწყალ ლუარსაბს ძალად გადასწერეს ჯვარი იმ ღამესა. მოსემ არც
დაპირებული ორასი თუმანი
მისცა... ლუარსაბს არ მიჰყვანდა ცოლი, მინამ არ გამისწორდებაო, ბოლოს ესეც რომ ვერა
გახდა-რა - გარემოებას დაემორჩილა
და წამოიყვანა შინ თავისი დარეჯანი.
- რატომ არ აჩვენეს ლუარსაბს საცოლე ჯვრისწერამდე?
ა) ჯვრისწერამდე სასიძოს პატარძლის ნახვას ადათი უკრძალავდა.
ბ) უნდოდათ, რომ მისთვის უშნო პატარძალი შეეტყუებინათ.
გ) ქორწილი ეჩქარებოდათ, პატარძლის ნახვა კი დროს წაიღებდა.
დ) ქორწილამდე პატარძლის ნახვა ცუდის მაუწყებლად ითვლებოდა. - რა განზრახვით ჰყავდა მიწვეული მოსეს მრავალი სტუმარი?
ა) სურდა, რომ მისი ქალიშვილის ბედნიერება ბევრ ადამიანს ენახა.
ბ) საშუალება მიეცა, რომ საკუთარი ხელგაშლილობით საზოგადოება გაეკვირვებინა.
გ) ბევრი ნათესავ-მეგობარი ჰყავდა და მათი განაწყენება არ უნდოდა.
დ) გასაჭირში ჩავარდნის შემთხვევაში სტუმრების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. - რა განცდაა გამოხატული ლუარსაბის კითხვაში: "დავით, აკი მზეთუნახავიაო"?
ა) გულგრილობა.
ბ) მრისხანება.
გ) იმედგაცრუება.
დ) სინანული. - რატომ წასკდა "ხალხს სიცილი"?
ა) ხალხს ხალისიანი განწყობის შექმნით პატარძლის მდგომარეობის შემსუბუქება სურდა.
ბ) ხალხის თვალში შექმნილი ვითარება მეტისმეტად კომიკურად გამოიყურებოდა.
გ) ლუარსაბისა და დავითის გაწბილებამ ხალხის კმაყოფილება გამოიწვია.
დ) ხალხი ვითარებაში ვერ გაერკვა და უხერხულობის გაქარწყლება სიცილით სცადა. - რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს სიტყვას "გაჯავრებულსავით"?
ა) გაჯავრება მოსეს თვალთმაქცური ხერხია, რათა სასიძო ქორწინებაზე დაითანხმოს.
ბ) მოსესთვის ლუარსაბის უარი მოულოდნელია და ამიტომ მისი გაჯავრებაც გულწრფელია.
გ) გაჯავრება მოსეს ბუნებრივი რეაქციაა და ამიტომ მისი საქციელი არავის გაჰკვირვებია.
დ) გაჯავრებულ მოსეს სურს, რომ უსამართლოდ შეურაცხყოფილი ღირსება აღიდგინოს. - რა მხატვრული საშუალებაა: "სირცხვილით აინთო"?
ა) ეპითეტი.
ბ) მეტაფორა.
გ) შედარება.
დ) გაპიროვნება. - როგორ ახასიათებს მოსეს მისივე სიტყვები: "არ ვაკადრებ ჩემს გვარს, რომ თათქარიძეებმა საყდარში ქალი გამიუპატიურონ, ჯვარი უნდა დაიწეროს"?
ა) როგორც სტუმარმასპინძლობის ტრადიციების უარმყოფელ ადამიანს.
ბ) როგორც მიზნის მისაღწევად ყველაფრის მკადრებელ ადამიანს.
გ) როგორც ოჯახის ღირსების გულწრფელ დამცველს.
დ) როგორც წარჩინებული გვარის ღირსეულ წარმომადგენელს. - პერსონაჟის მიმართ ავტორის როგორი დამოკიდებულება ჩანს ფრაზაში: "ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო"?
ა) ქედმაღლური.
ბ) გულგრილი.
გ) ირონიული.
დ) კეთილმოსურნე. - დავითის რა თვისება ჩანს ტექსტის ამ მონაკვეთში: "ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო"?
ა) მომჭირნეობა.
ბ) სიმხდალე.
გ) პრინციპულობა.
დ) სიხარბე. - ლუარსაბის რა თვისებაზე მიუთითებს სიტყვები: "გარემოებას დაემორჩილა და წამოიყვანა შინ თავისი დარეჯანი"?
ა) შემწყნარებლობაზე.
ბ) კეთილშობილებაზე.
გ) უუნარობაზე.
დ) მომხვეჭელობაზე.
0 კომენტარი