კონსტანტინე გამსახურდია - "დიდოსტატის მარჯვენა" (თემა)
კონსტანტინე გამსახურდიას
"დიდოსტატის მარჯვენა" - (ფარსმანისა და არსაკიძის დილოგი)
ხელოვნება ადამიანის სულიერი საზრდოა, მის გარეშე ჩვენი ცხოვრება მიწიერ არსებობას ვერ გასცდებოდა. “როდესაც ასე ახლოა გრემი, მე მინდა ვიყო უფრო მაღალი“ - ამბობს პოეტი ოთარ ჭილაძე და ამ სიტყვებით გამოხატავს ჭეშმარიტი ხელოვნების ზემოქმედების ძალას ადამიანზე - იყოს უკეთესი, ვიდრე არის. იმდენად დიდია ხელოვანი, რამდენადაც გულწრფელი და ორიგინალურია, რადგან ბაძვა ხელოვნება არ არის. თუმცა, როგორ უნდა განვითარდეს შემოქმედი? რამდენად უწყობს მას ხელს შეკვეთით შესრულებული ქმნილებები? ვფიქრობ, მოცემული დებულების ცალმხრივად განხილვა არ იქნება სწორი, მიუხედავად იმისა, რომ საკამათო არ არის, რომ ხელოვნების იდეას შემოქმედის პიროვნული თავისუფლება უნდა ასაზრდოებდეს.
კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელიც მწერალმა 1938-1939 წლებში დაწერა, აღწერს ხელოვანის ბედს ფეოდალურ საქართველოში. საგულისხმოა, რომ ნაწარმოები 1937 წლის რეპრესიების გამოძახილია. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მეტად უჭირს შემოქმედს. მას აქვს ორი არჩევანი: ან ხოტბა შეასხას რეჟიმს და შექმნას მისი ცენზურისათვის მისაღები შეკვეთილი ქმნილებები, ან დადუმდეს, რათა თავი გადაირჩინოს, სხვა არჩევანი დამღუპველია. სწორედ ამ დროს წერს მწერალი ისტორიულ ნაწარმოებს, რომელიც მისთვის ერთგვარი თავშესაფარია. რომანის მთავარი გმირის, კონსტანტინე არსაკიძის, როგორც ხუროთმოძღვრის, ასპარეზი მთლიანად დამოკიდებულია დამკვეთზე, მეფე გიორგი პირველზე, რომლის შეკვეთილია სვეტიცხოვლის მშენებლობა. მოცემულ მონაკვეთში ორი შემოქმედის შეხვედრაა გადმოცემული. ფარსმანი გულჩათხრობილი, "უთვისტომო თვისტომთა შორის", რომელიც, როგორც თვითონ ამბობს: "ხელმოცარული მიდის სამარეში", რადგან სხვათა მსახურებამ დააკარგვინა ხელოვანს საკუთარი თავი. ფარსმანისა და არსაკიძის დიალოგი ერთმნიშვნელოვნად, მონოლოგია, ახალგაზრდა ხუროთმოძღვარი პასიურია, მხოლოდ უსმენს გულწრფელ სინანულს კაცისა, რომელმაც ვერაფერი ფასეული ვერ შექმნა. ფარსმანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ "მხოლოდ მოცალეობის ჟამს" იქმნება ნამდვილი შედევრი, ამიტომაც ეუბნება არსაკიძეს: "ეს რამდენიმე ხაზიც სჯობია, შენ მიერ აგებულ სვეტიცხოველსო". მკითხველი ადვილად შეამჩნევს ფარსმანის დაცინვას, თუმცა ირონიის მიღმა დიდი მოშურნეობა და ამასთანავე გულწრფელობა გამოსჭვივის მოხუცი ხუროთმოძღვრის სიტყვებიდან.
ფარსმანის მონოლოგი, ერთგვარი აღსარებაა 65 წლის გულმოკლული შემოქმედისა, რომელიც მიანიშნებს არსაკიძეს, რომ თუ მხატვარი მხოლოდ იმ თავკერძა და უგემოვნო საზოგადოების დაკვეთების შემსრულებლად იქცევა, ისევე ხელცარიელი წავა სამარეში, როგორც ფარსმანი. ხელოვანმა უნდა იბრძოლოს, რომ საკუთარი გემოვნება ჩადოს ქმნილებაში. "იაკობის ღმერთთან შერკინების სცენა" ხაზს უსვამს არსაკიძის შინაგან დამოკიდებულებას შემოქმედების მიმართ. მოცემული ფრაგმენტი ნათელს ხდის იმას, რომ ხელოვანმა საკუთარი ხელწერა უნდა გამოხატოს ყოველ ქმნილებაში: ეს იქნება "მოცალეობის ჟამს" შექმნილი თუ შეკვეთილი. სვეტიცხოველიც და ნახატიც ფასეულია არსაკიძისათვის. თუ გავიხსენებთ რომანის სხვა ეპიზოდებსაც, სვეტიცხოვლის მშენებლობისას ოსტატი ცდილობდა დაჰპირისპირებოდა მელქისედეკ კათალიკოსის ფანატიკურ მიმბაძველობას - ტაძარი ბიზანტიური ტაძრების ასლი გამხდარიყო. არსაკიძე ორიგინალური, ქართული ჩუქურთმებითა და ჭრილებით გამოკვეთდა თითოეულ ლოდს ტაძრისას, არ ემორჩილებოდა კათალიკოსს, როგორც ნამდვილი ხელოვანი, რომელსაც კოპირებას სთხოვდნენ.
მოცემულ თეზისთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ნიკო ფიროსმანი, რომლის შემოქმედების დიდი ნაწილი დუქნების მეპატრონეებისა და მიკიტნების დაკვეთით იქმნებოდა. ყოფითი სცენები, მაღაზიის აბრები ინახავს თვითნასწავლი მხატვრის ორიგინალურ ფერწერას და ხელწერას.დაკვეთით დაიწერა "ვეფხისტყაოსანი". პროლოგში ვკითხულობთ: "მიბრძანეს მათად საქებად თქმა ლესებისა თლილისა", თუმცა რუსთველის მსოფლმხედველობა გასცდა მეფეთა შესაქებ დაკვეთას. მონუმენტური ქმნილებები ძირითადად სხვათა დაკვეთითა და დაფინანსებით იქმნებოდა.
ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ დაკვეთა ყოველთვის შეხიდება არ იყო შემოქმედისათვის, მაშინ, როდესაც იდეა თავისუფალი არ რჩება და დამკვეთი აბსოლუტურ მონოპოლიას ფლობს შინაარსში ამ შემთხვევაში იგი ნამდვილად ეწინააღმდეგება ხელოვნების იდეას. თუ გავიხსენებთ ტოტალიტარულ რეჟიმებს, სადაც დაკვეთა პირდაპირი კარნახია ამ დროს ხელოვნება კვდება ის ილუზორულ, ძალადობრივ სახელმწიფოს ემსახურება, ამიტომ ვერაფერს მოგვცემს ღირებულს.
დღეს, 21-ე საუკუნეში, დემოკრატიული, თავისუფალი გარემო უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, ხელოვნებას ფართო და დამოუკიდებელი ასპარეზი აქვს, თუმცა დღესაც უწევთ შემოქმედ ადამიანებს შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა: მხატვარი კომერციული მიზნით ხატავს ნახატებს, მომღერალი მღერის ფანოღს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ განვითარებას არ უწყობს ხელს, მაგრამ ჭეშმარიტი ხელოვნება მუდამ ამბობს საკუთარ სათქმელს. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ხელოვანის იდეურ მიმართულებაში, მისი ვალია ხელშეწყუბა, თავისუფალი გარემოს შექმნა. სამწუხაროდ, არადემოკრატიულ ქვეყნებში კვლავ დგას ცენზურის პრობლემა ხელოვანები ტოვებენ ასეთ ქვეყნებს, ან რეჟიმების მსახურებად იქცევიან..
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელოვნება სულიერი საზრდოა, თავისუფალ გარემოში ის ყვავის და ასაზრდოებს საზოგადოებას. შეკვეთა ხელოვნების იდეას არ ეწინააღმდეგება, თუ ის შეხიდებაა შემოქმედისთვის, საშუალებაა გასაქანი მისცეს იდეას.
0 კომენტარი