ალექსანდრე ყაზბეგის " ხევისბერი გოჩა"( ფინალი)

*  ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ხევისბერ გოჩას“ფინალურ ნაწილში ვკითხულობთ:



- გამიგონეთ... სიკვდილისა არ მეშინიან, თუნდა გამამართლოთ კიდეც, ღთის მადლმა, თავს აღარ ვიცოცხლებ. რაისთვი-ღა მინდა ერთხელ გაწბილებული სიცოცხლე!..


* * *


- მთაში რაი გინდოდა? - ჰკითხა ერთმა მსაჯულთაგანმა.


- საქმე მქონდა.


- მარტო იყავ?


გუგუამ არა უპასუხა-რა და ამისთვის კითხვა გაუმეორეს.


- მარტო იყავ?


მოხევე ებრძოდა თავის გრძნობას და არ უნდოდა იმ ქალის სახელი მოეყივნებინა, რომელიც მაინც კიდევ ქვეყანას ერჩივნა.


- რაი ბედენაა, მარტო ვიყავ, თუ არა? - ბოლოს წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა:


- თქვენთვის იმის გამოკითხვა იყო საჭირო, რომ გაგყიდეთ თუ არა... მე გეუბნებით, რომ არ გამიყიდნიხართ, არ მიღალატნია თქვენთვის, ჩემს გაჩენაში გულშიაც არ გამივლია თქვენი წინააღმდეგობა, მოწმე ღმერთია!.. ცხოს ნუღარას მკითხავთ, პასუხი არ მიშველის და სიკვდილის წინა წუთებს კი მომიწამლავთ.


ამის შემდეგ გუგუა გაჩუმდა, დაიკრიბა გულ-ხელი და გაჩუმებული დადგა. ყოველ კითხვაზედ ის მუნჯად რჩებოდა და მისი სიჩუმე მძიმე ლოდად აწვებოდა ონისეს.


- ღმერთო, მოგვიტევე, თუ ვცდებით რაშიმე!.. რაც შენ გვაგონე, იმას წარმოვსთქვამთ...


- შესდეგ! - ერთბაშად ვიღამაც ხელი გაავლო გოჩას და სიტყვა გააწყვეტინა.


ხალხმა გაკვირვებით შეჰხედა ხევის ბერის ხელის შემხებს, ნამეტნავად იმ დროს, როდესაც მას ხევის სიწმინდე, დროშის თავი, ხელში ეჭირა. მათ თვალწინ ონისე იდგა.


- შესდეგ, ხევის ბერო! გუგუა მართალია! - დაიძახა ონისემ, რომელსაც თმა აჰბურძგნოდა და თვალებში სისხლი ისე მოსწოლიყო, თითქოს წამოცვივნას აპირებენო.


ხალხი აიშალა. აირია და ყაყანი დაიწყო. გოჩამ შეარყია დროშა და ზარების ხმასთან ერთად ხმამაღლად მბრძანებლის კილოთი დაიძახა:


- იყუჩეთ! - და ამ ხმის გაგონებაზედ ერთბაშად ყველა გაჩუმდა.


- სთქვი, რას ამბობდი?


- გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით... გუგუას და მე მიზეზი გვაქვს, ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით... ეგ მთიდგან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ... მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ...


 რაიღა დავმალო?.. მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა... მე დავკარგე გონი, მტერი მე გამომეპარა!.. გუგუა უბრალოა! - ლაპარაკობდა გაჩქარებით და აღელვებით ონისე და მთლად კანკალებდა.


ონისეს სიტყვები ხალხს მეხსავით მოხვდა და გაშტერებული შესცქეროდა.


ზარდაცემული მოხუცი მთლად კანკალებდა და კარგა ხანს გონს ვერ მოსულიყო.


ბოლოს ძალზედ ამოიხვნეშა, მოისვა შუბლზედ ხელი და ყვედრებით წარმოსთქვა:


- მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებულო, დედ-მამის საფლავიდგან ამომგდებო!.. რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!..


 

ამ სიტყვების შემდეგ მოხუცი მსაჯულებს მიუბრუნდა:


- მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს, გადასწყვიტე, თემო!


კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგ თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას და წყნარად წარმოსთქვეს:


- გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია... მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია...


- მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს... კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა... ონისე ეხლავე მკვდარია... მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!


- გოჩაუ, - სცადეს მოხუცის შეყენება, მაგრამ პირგამეხებული ხევის ბერი ცეცხლებსა ჰყრიდა თვალთაგან.


- უნდა მოკვდეს, მოკვდეს შეუბრალებლად... და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოექცეთ... მე მიყურეთ... - მოხუცმა გაიძრო ხანჯალი, გაქანდა შვილისკენ და შესძახა:


- მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!


ამ სიტყვებთან ერთად იელა ხანჯალმა და ონისემ მიწაზედ ფართხალი დაიწყო; მოხუცის მახვილს შვილისათვის გული ორად გაეპო. ეს მოძრაობა ისე სწრაფად მოხდა, ისე საჩქაროდ, რომ უბედურების შეყენება ვეღარავინ მოასწრო.


ხალხი შემოიფანტა და ახლო ვეღარ მიჰკარებოდა მოხუცს, რომელსაც ძარღვები ძალზედ უღმეჭავდნენ და უცნაურად უთამაშებდნენ სახეს.


- გოჩა! - ცოტა ხანს შემდეგ ვიღამაც ხელი გაავლო მოხუცს.


- ჰაი? - ანგარიშმიუცემლად წამოიძახა მოხუცმა და მოიხედა.


მის წინ იდგა გუგუა.


- გოჩავ! - განიმეორა იმან ხმამაღლა: - წეღან გითხარ, რომ დამნაშავე არა ვარმეთქი, მაგრამ ერთხელ მაგგვარის ცილის წამების შემდეგ აღარ ვიცოცხლებ-მეთქი...


ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავს... მშვიდობით, გოჩავ, მშვიდობით, ხალხო! - ამ სიტყვებთან ერთად მან გაიძრო დამბაჩა, მიიცა ლულა პირში და ტვინი ჰაერში შეასხა...


მოხუცმა მხოლოდ ამოიკვნესა, მიიხედ-მოიხედა შეშინებულის თვალებით და შეჰკრთა.


ბოლოს დააწყებინა ცახცახი და გასისხლიანებული ხანჯალი, რომელიც ხელში ეჭირა, შორს გადასტყორცნა... რაოდენსამე ხანს ისე ჩუმად იდგა. დაესხა თავსბრუ და ჩაიკეცა, ის დაეკონა შვილს და რამდენჯერმე წყნარის ხმით წარმოსთქვა:


- შვილო, შვილო! - და ზედ გაეკრა.


1.. როგორები არიან მოცემული მონაკვეთის გმირები?



ა) ბედნიერი


ბ) ტრაგიკული


გ) მიამიტი


დ) სათნო


2.გუგუას მარტივად შეეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება, მაგრამ არ აკეთებს ამას. რომელ ფრაზაში ჩანს მისი სიჩუმის მოტივაცია?



ა)“რაი ბედენაა, მარტო ვიყავ, თუ არა?“


ბ)“მე გეუბნებით, რომ არ გამიყიდნიხართ“


გ)“არ უნდოდა იმ ქალის სახელი მოეყივნებინა, რომელიც მაინც კიდევ ქვეყანას ერჩივნა.“


დ) „მოწმე ღმერთია!..“


3.რომელი ინარჩუნებს ,მტრობის მიუხედავად, სამსჯავროზე ღირსებას, გუგუა თუ ონისე?



ა)მხოლოდ ონისე


ბ) მხოლოდ გუგუა


გ) არცერთი


დ) ორივე.


4.ონისეს შეეძლო გაჩუმებულიყო და მის დანაშაულს ვერავინ შეიტყობდა.რატომ ვერ შეძლო მან გაჩუმება?



ა) გოჩასი შეეშინდა


 ბ) გოჩას დახმარების იმედი ჰქონდა


გ) თავისი ზნეობრივი სამყარო უშლიდა ხელს.


დ) უზნეო ადამიანი იყო.


5. რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება მოთხრობა?



ა) მოდერნიზმს.


ბ) სიმბოლიზმს


გ) რომანტიზმს.


დ) რეალიზმს.


6.მისი(გუგუას) სიჩუმე მძიმე ლოდად აწვებოდა ონისეს“.ონისეს როგორი სულიერი მდგომარეობა ჩანს მონაკვეთში?



 ა) სიფიცხე


ბ) სინდისის ქენჯნა


გ) სიბრალული


დ)დაბნეულობა.


7.რა გახდა გუგუას თვითმკვლელობის მიზეზი?



 ა) მისი დანაშაული ყველამ გაიგო


ბ) იცოდა, რომ გოჩა არ დაინდობდა.


გ) ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავს.


დ)თემმა ასეთი განაცენი გამოუტანა.


8. რა მხატვრული ხერხია:“ონისეს სიტყვები ხალხს მეხსავით მოხვდა და გაშტერებული შესცქეროდა.“



ა) მეტაფორა


ბ) ალიტერაცია


გ) ალუზია


დ) შედარება.


9 რას ნიშნავს:“ გუგუა უბრალოა“?



ა) უდანაშაულოა


ბ) არაფრისმაქნისია


გ)ბრძოლაში არ ყოფილა


დ) მისი საქმე არ არის.


10.რომელი გაუხმაურებელი დანაშაული გამჟღავდა თემის კრებაზე?



 ა) მტრის მხარეს გადავიდა ონისე


ბ) ონისემ გუგუას დახმარება არ გაუწია


გ)ონისეს უპასუხისმგებლო ქმედებამ მოძმეთა სიკვდილი გამოიწვია


დ) ონისეს ძიძია უყვარდა.


 

* გაუხმაურებელი დანაშაული აიძულებს ადამიანს მუდმივად სინდისის ქენჯნით იცხოვროს.სასჯელი კი ათავისუფლებს.



 იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს საკითხი და რამდენად აქტუალურია იგიკი ათავისუფლებს მას.